ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში კრისტიან დანიელსონი, კარლ ჰარცელი და აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ხვდებიან.
კრისტიან დანიელსონმა, რომელიც საქართველოში პოლიტიკური კრიზისის მოგვარებისა და ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მედიაციის მიზნით მეორედ ჩამოვიდა, კიდევ ერთხელ თქვა, რომ კომპრომისის დროა.
"როგორც ჩანს, ქართველი ხალხი ყურადღებით ადევნებს თვალ-ყურს მიმდინარე მოლაპარაკებებს. კომპრომისის დროა. კომპრომისი არ არის სისუსტის ნიშანი, ეს სიძლიერის ნიშანია, ქართული დემოკრატიის სიძლიერის ნიშანი, ეს ევროპული გზაა. მე ასე ვხედავ ევროპულ გზას". - თქვა მან.
საქართველოს დასავლელი პარტნიორები, სავარაუდოდ, შეაჯერებენ პოზიციებს, რომლებსაც ხვალ, ხელისუფლებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან წარმოადგენენ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენელი საქართველოში, დანიელსონი საქართველოში უკვე მეორედ ჩამოვიდა. მისი თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაეშვა. დანიელსონი ქართველ პოლიტიკურ აქტორებთან მედიაციის მიზნით შეხვედრებს 29 მარტიდან განაახლებს.
ევროპელი დიპლომატი საქართველოში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებში მედიაციის მიზნით უკვე მეორედ ჩამოდის. მისი თავდაპირველი ვიზიტი 12-დან 19 მარტამდე გრძელდებოდა, თუმცა მისი შუამავლობით გამართული შეხვედრები მხარეებს შორის შეთანხმებით არ დასრულებულა. დანიელსონს საქართველოდან გაფრენა 14 მარტს ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა პროცესში მიღწეული არასაკმარისი პროგრესის გამო ევროპელმა დიპლომატმა ვიზიტი რამდენიმე დღით გაახანგრძლივა.
ევროპულ საბჭოში საქართველოში ჩატარებული მისიის შესახებ ანგარიშის მოსმენის შემდეგ შარლ მიშელმა განაცხადა, რომ "მიღწეული პროგრესის" მიუხედავად, მისი წარმომადგენელი საქართველოში კვლავ დაბრუნდებოდა.
ამ ეტაპზე ოპოზიციური პარტიები მოლაპარაკებების შესახებ აცხადებენ, რომ მათი მხრიდან კომპრომისი ვადამდელ არჩევნებსა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი - მათი თქმით, მმართველი პარტია ამ ორი საკვანძო საკითხის მიმართულებით რეალურ ნაბიჯებს ამ დრომდე არ დგამს.
- რა პოზიციებით შედიან პარტიები განახლებულ მოლაპარაკებებში ნახეთ აქ.
ხელისუფლების წარმომადგენლები კი დანიელსონის ვიზიტის შემდგომაც აცხადებენ, რომ მათი მხრიდან ვადამდელი არჩევნების საკითხზე კომპრომისს არ უნდა ველოდოთ.